ადამიანის უფლებათა ცენტრმა სახალხო დამცველთან მემორანდუმი გააფორმა

 
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2016 წლის 20 თებერვალს შესული ცვლილება მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით და ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის ხელშეწყობა, რათა დაცული იქნას მოწმეთა უფლებები და მოხდეს მოწმეებზე საგამოძიებო ორგანოებში ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის პრევენცია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით, 10 აგვისტოდან ახორციელებს პროექტს - „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“, რომლის მიზანია მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამჭვირვალე და ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევის საფუძველზე გამოვლინდება მოწმის დაკითხვის ახალი  წესის  დადებითი და უარყოფითი მხარეები. სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობა კი ხელს შეუწყობს კვლევის ეფექტურად განხორციელებას და მოწმეთა უფლებების დაცვას.

პრობლემების იდენტიფიცირების შემდგომ ადამიანის უფლებათა ცენტრი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომელთა ადვოკატირებასაც განახორციელებს საქართველოს პარლამენტთან, იუსტიციის სამინისტროსთან, პრეზიდენტთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან. ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. 

20 თებერვალს ძალაში შევიდა მოწმის დაკითხვის ახალი წესი, რომელიც მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან სავალდებულო დაკითხვას გულისხმობს. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული შენიშვნები და მოწმეთა დაკითხვის წესი მთელი რიგი ხარვეზებით მიიღო.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

3 ნოე. '16