პროკურატურამ დროულად გამოიძიოს თაღლითობის საქმე, სადაც იკვეთება პოლიციის ყოფილი თანამშრომლის სავარაუდო დანაშაული

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი  შეშფოთებულია გაჭიანურებული  გამოძიებით, რომელიც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს მოქალაქე რუსუდან ფურცხვანიძის განცხადების საფუძველზე. საქმე ეხება თაღლითობის ფაქტს, პოლიციის ყოფილი თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობით.

შსს-ს ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი ზ.ნ. რუსუდან ფურცხვანიძეს ვიზისა და სხვა დოკუმენტების დამზადებასა და საზღვარგარეთ გამგზავრებას დაპირდა, რისთვისაც საზღაურად მიიღო 5000 ევრო. უნგრეთიდან დეპორტაციის შემდეგ ფურცხვანიძემ ზ.ნ.-სგან თანხის დაბრუნება მოითხოვა. ხოლო 2016 წლის 15 აპრილს საჩივრით მიმართა მთავარ პროკურატურას, რომელმაც მისი საჩივარი გადააგზავნა ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში. ქუთაისის პროკურატურამ კი საქმე მოკვლევისთვის დააწერა შსს-ს სამმართველოს ზუსტად იმ განყოფილებას, სადაც თავის დროზე ზ.ნ. მუშაობდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა გააპროტესტა საგამოძიებო ორგანოების ამგვარი პრაქტიკა, როცა საქმე გამოსაძიებლად გადაეცემა ორგანოს, რომელსაც ამ საქმისადმი შესაძლოა, ჰქონდეს მიკერძოებული დამოკიდებულება. ცენტრის მიმართვის შემდეგ, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურას, სადაც გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით. 

თაღლითობის შედეგად, რუსუდან ფურცხვანიძეს არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური ზიანი მიადგა. საბერძნეთის საელჩოს მიერ გაცემული ვიზის საფუძველზე, იგი გადაადგილდებოდა ევროპის ტერიტორიაზე, როცა მოულოდნელად უნგრეთის აეროპორტში დააკავეს და მოათავსეს საკანში, სადაც 3 დღის განმავლობაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა. უნგრეთიდან საქართველოში დეპორტაციისას მას განუცხადეს, რომ საბერძნეთის საელჩოში ვიზა კანონდარღვევით იყო გაცემული.

თბილისის პროკურატურას რუსუდან ფურცხვანიძე დღემდე არ დაუკითხავს. მას არც დაზარალებულის სტატუსი აქვს. იგი ეჭვობს, რომ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ზ.ნ. პროკურატურასთან დაახლოებული პირია და პირადი კავშირებით ცდილობს საქმის გამოძიების გაჭიანურებას.    

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაინტერესდეს შსს-ს ყოფილი თანამშრომლისა და საბერძნეთის საელჩოს წარმომადგენლების ერთობლივი სავარაუდო თაღლითობის ფაქტით და უზრუნველყოს ამ საქმის დროული და ობიექტური გამოძიება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

11 აგვ. '16