ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა შშმ მსჯავრდებულთა პრობლემების შესახებ

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ზოგჯერ დაუსაბუთებლად აფერხებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და არ აწვდის მათ ეტლებს გადასაადგილებლად. არის შემთხვევები, როცა შშმ პატიმრებს არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მომსახურება, მათი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია არაერთი საქმე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მიმართ სამედიცინო მომსახურების მიღების გაჭიანურების, არასათანდო მკურნალობის,ზოგიერთ შემთხვევაში - სამედიცინო მომსახურების/საჭიროების  მიღებაზე საერთოდ უარის თქმის, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მათი ტრანსპორტირების შეფერხების შესახებ. ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით მკვეთრად გამოხატული შშმ პატიმართა საქმეებში იკვეთება.

სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 17 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული ლაშა მ., რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობისას მიყენებული დაზიანებების გამო, წლებია, ეტლს არის მიჯაჭვული და არ შეუძლია გადაადგილება. მსჯავრდებულს ხერხემალზე ესაჭიროება განმეორებითი მძიმე ოპერაცია, ასევე - სხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. 8 ივლისს მსჯავრდებულის გეგმიური გაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა განხორციელებულიყო რეანიმობილით, რომელიც მას არ მიაყენებდა ფიზიკურ ტკივილს. პატიმარი ეტლით მოსარგებლეა და ხერხემლის ტკივილები აწუხებს. N17 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულის ტრანსპორტირება გადაწყდა შეუსაბამო ტრანსპორტით, რაზეც პტიმარი იძულებული გახდა უარი განეცხადებინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მსჯავრდებულისთვის არ იყენებს რეანიმობილს, რაც მას ფიზიკურ ტკივილს არ მიაყენებს. საქართველოს სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N 149 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, პატიმართა ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს ისეთი საშუალებით, რაც არ იქნება დამამცირებელი და არ გამოიწვევს პატიმართა ტანჯვას.

N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულ დავით გ.-ს დადგენილი აქვს უმძიმესი დაავადებები. შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, მაგრამ დღემდე არ ხდება N 18 სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა. პატიმარს უჭირს გადაადგილება, წონასწორობის დაცვა, აქვს მრავლობითი სახის მწვავე დაავადება, ღვიძლის ცეროზი, B და D ჰეპატიტი,  HCV-ინფექცია და სხვა. 

N 8 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული ლაშა შ., რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, აქვს დადგენილი პოლინეიროპათია, ლუმბალგია, პარალიზური იშიაზი, მარცხენა ქვედა კიდურის კუნთის განლევა. პატიმარს არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა და აუცილებელი ჰიგიენის დაცვა. არაერთგზის მოთხოვნისა და ფიზიკური საჭიროების მიუხედავად, მსჯავრდებულს არ მიეწოდება გადასაადგილებელი ეტლი და ასევე, არ გადაყავთ N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც გაეწევა შესაბამისი სერვისი. 

პატიმარს უფლება აქვს, მიიღოს კვალიფიციური, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რაც არა მარტო სამედიცინო ხასიათის კონსულტაციას მოიცავს, არამედ სათანადო მკურნალობას, რაც მიმართული იქნება ადამიანის გამოჯანმრთელებისკენ და არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისაკენ.

სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანზე, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შეუფერხებლად მიაწოდოს სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირებს და  უზრუნველყოს მათი უფებების განხორციელება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
 

26 ივლ. '16