არასამთავრობო ორგანიზაციები მივესალმებით პრეზიდენტის მიერ პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურად ნინო გვენეტაძის წარდგენას

არასამთავრობო ორგანიზაციები: ადამიანის უფლებათა ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, მედიის ინსტიტუტი და იურისტ ქალთა კავშირი მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ არჩევანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. 

მოხარული ვართ, რომ სწორედ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატურა - ნინო გვენეტაძე შეარჩია პრეზიდენტმა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. ამავე დროს საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი მასზე.

ნინო გვენატაძე ნამდვილად გამორჩეულია თავისი მაღალი სამართლებრივი კვალიფიკაციით, მართლმსაჯულების სფეროში წარმატებული და გრძელვადიანი მოღვაწეობით, პრინციპულობით, სამართლიანობითა და შეუვალობით. რაც მთავარია, იგი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რაც დამატებით უზრუნველყოფს მის მიუკერძოებლობას და ობიექტურობას ესოდენ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

მიგვაჩნია, რომ სამართლიანი სასამართლო სისტემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად, რაც ამასთანავე უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე და სამართლიან მართლმსაჯულებას ქვეყანაში.  შესაბამისად, მომავალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვესახება ამ მნიშვნელოვანი პროცესის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ. 

მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს აქვს უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და მოსამართლეთა კონფერენციის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება. ამ თანამდებობებზე მუშაობისას იგი ჯერ კიდევ 2005 წლიდან იბრძოდა საქართველოში სასამართლო ხელისუფლების  დამოუკიდებლობისათვის, რის გამოც წინა ხელისუფლების პირობებში, ფაქტობრივად, იგი იქცა დევნილად, როდესაც რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. 

მანკიერი სასამართლო სისტემის დაუმორჩილებელი მოსამართლეებისადმი სოლიდარობის ნიშნად ნინო გვენეტაძე 2006 წელს  გაერთიანდა არსამათავრობო ორგანიზაციათა კოალიციაში „სამოქალაქო საზოგადოება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იბრძოდა საქართველოში დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულების დასამკვიდრებლად. 

მიგვაჩნია, რომ ქალბატონი ნინო საზოგადოებაში სარგებლობს მაღალი ლეგიტიმაციით, აქვს პროფესიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. ამასთანავე, იგი არის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი და წარმატებით მუშაობს აკადემიური მიმართულებით.
 
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი, ალეკო ცქიტიშვილი
  • საზოგადოებრივი დამცველი, ირინა ფუტკარაძე,
  • ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, ლია მუხაშავრია
  • ახალგაზრდები სამართლიანობისთვის, თამარ გაბიანი
  • მედიის ინსტიტუტი, ირმა მამასახლისი
  • იურისტ ქალთა კავშირი, ნუცა კობალავა

11 მარ. '15