ადამიანის უფლებათა ცენტრმა რელიგიის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარმოადგინა

 ნინო წოწორია

6 მარტს ადამიანის უფლებათა ცენტრმა  პროექტის  „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ფარგლებში უფლებადამცველები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რელიგიური უმცირესობების საკითხებს იკვლევდნენ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტი „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა საქართველოში“, 2014 წლის ნოემბერიდან - 2015 წლის თებერვლამდე, კანადის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირებული რელიგიური დაპირისპირების სავარაუდო ფაქტები შეისწავლეს და დაზარალებულებს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე უფასო იურიდიული დახმარება გაუწიეს.

„საქართველოში ბოლო პერიოდში  დაფიქსირებული რელიგიური დაპირისპირებებისა და რელიგიური თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ფაქტები შევისწავლეთ, მათ შორის ქობულეთის, ფლატეს, მოხის, ჭელასა და სხვა შემთხვევები. პროექტმა გამოავლინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხშირად ადეკვატურად არ პასუხობს აღნიშნულ შემთხვევებს, გამოძიებებს არ მივყავართ კონკრეტულ შედეგებამდე და დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან, რაც  სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა პროექტის კოორდინატორმა, ნინო ცაგარეიშვილმა.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი humanright.ge-თან საუბარში აცხადებს, ის, როგორც ადვოკატი, მონაწილეობდა ლელა შველიძის საქმეში. ლელა შველიძე  იეჰოვას მოწმეა და ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის მხრიდან მუდმივად რელიგიური დისკრიმინაციას და დევნას განიცდიდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა აღნიშნული საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოიგო, რის საფუძველზეც ლელა შველიძე გაამართლეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ასევე მონაწილეობდნენ საქმეში, რომელიც სოფელ ფლატის მეჩეთის დანგრევას და იქიდან გატანილი ქვებით ზარზმის მონასტრის მიმდებარე ნაგებობების რეაბილიტაციას ეხებოდა.

„ჩვენ ერთ-ერთი მონიტორინგის დროს ფლატის მეჩეთის დანგრევის და იქიდან ქვების წაღების შესახებ მივიღეთ ინფორმაცია. მონიტორინგის დროს ასევე გაირკვა ისიც, რომ საქმეში ზარზმის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე იყო ჩართული. ჩვენ მთავარ პროკურატურაში შევიტანეთ მოთხოვნა საქმის მიუკერძოებლად წარმოების შესახებ. მთავარმა პროკურატურამ კი აღნიშნული საქმე ადიგენის პოლიციაში გადაამისამართა, რომლის თანამშრომლებიც სწორედ ის პირები იყვნენ, რომლებიც მუსლიმი თემის წინააღმდეგ კანონდარღვევებში მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თამარ ავალიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი რელიგიური დაპირისპირების  ფაქტებთან დაკავშირებით  შესაბამისი რეკომენდაციებით ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს  მიმართა. 

„რელიგიური შეუწყნარებლობის ფაქტები საკმაოდ შემაშფოთებელია. ამიტომ ჩვენ,  უპირველეს ყოვლისა, რეკომენდაციით მივმართავთ მთავრობასა და პრემიერ მინისტრს, შეცვალოს საკადრო პოლიტიკა იმ რეგიონებში, სადაც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ და მაღალ თანამდებობებზე უფრო ტოლერანტული ადამიანები დანიშნონ“, - განაცხადა  ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა  დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა  იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც განხორციელდება.
 
ანგარიში „რელიგიის თავისუფლება საქართველოში - პრობლემები, რეკომენდაციები“ სრული სახით იხილეთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის, Humanrights.ge-ს ანგარიშების განყოფილებაში. http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%91%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9D.pdf

6 მარ. '15