იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის


პროექტის დასახელება:
„იურიდიული დახმარება ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისათვის“
ფინანსური მხარდაჯერა:
ფონდი ABILIS-ი (ფინეთი)
პროექტის ხანგრძლივობა:
8 თვე

ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გამოვლენილია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ. პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს და მათ ნათესავებს. გაწეულია 90–ზე მეტი კონსულტაცია. რიგი საქმეები გადაეცა  სასამართლოს. ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობდა ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებთან და იმ ორგანიზაციებთან, რომელთა მუშაობაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არიან ჩართულნი. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დახურული ფსიქიატრიული საავადმყოფოების მონიტორინგი, მონახულებული იქნა რეაბილიტაციის ცენტრები.
 
პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება ადამიანის უფლებათა ცენტრს საშუალებას აძლევს, მიუთითოს იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს  ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში.
 
მკურნალობის უფლება
 
ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები არ შეიძლება იხდიდნენ სასჯელს ჩვეულებრივ ციხეში. ამით ირღვევა მათ უფლება, მიიღონ ადეკვატური მკურნალობა.
 
პრეცედენტი – უკრაინის მოქალაქის ალექსანდრე ჩ.–ს საქმე. იგი სასჯელს იხდის ქალაქ რუსთავის ჩვეულებრივი ტიპის ციხეში, მიუხედავად იმისა,  რომ დასმული აქვს შიზოფრენიის დიაგნოზი და არსებობს კომისიის დასკვნა მისი შეურაცხადობის შესახებ. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეისწავლა ეს საქმე და 2010 წლის მაისში გადასცა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში, რომელმაც ეს საქმე მიიღო და დაავალა საქართველოს მთავრობას 24 ივნისამდე გასცეს პასუხი, რა პირობებში იმყოფება ალექსანდრე ჩ. და უტარდება თუ არა ადეკვატური მკურნალობა.
 
თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების უფლება
 
ფსიქიკური ინვალიდობის მქონე პირები იმყოფებიან დახურულ ფსიქიატრიულ სამკურნალო დაწესებულებებში მაშინაც, როცა მათ არ სჭირდებათ სტაციონარული მკურნალობა. ამის ერთ–ერთი მიზეზი არის ის, რომ მათ არა აქვთ წასასვლელი, ხოლო თავშესაფრები ასეთი ადამიანებისათვის არ არსებობს.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ საქართველოს ფსიქიატრიულ ჰოსპიტალებში  ჩატარებული მონიტორინგის დროს გაირკვა, რომ პაციენტების უმეტესობას, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკულ განყოფილებებში, არ ესაჭიროებათ სტაციონარული მკურნალობა და ეს ადამიანები რჩებიან საავადმყოფოში მხოლოდ იმიტომ, რომ მათ წასასვლელი არა აქვთ.
 
დამანა ს.–მ მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 14  წელი გაატარა. იგი არის აფხაზეთიდან დევნილი და თავშესაფრის არარსებობის გამო იძულებულია, იცხოვროს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
 
კიდევ ერთი მაგალითი – სერგო მ.-მ წლები გაატარა სხვადასხვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. იგი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში -  წინანდალშია, რადგანაც მას არ ჰყავს ახლობელი, ხოლო მისი სახლი პრაქტიკულად დანგრეულია. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი ჩავიდა წინანდალში, დარწმუნდა, რომ მის სახლს არა აქვს სახურავი, დანგრეულია ბეტონის ტიხრები სართულებს შორის და ამ სახლში ცხოვრება ჯანმრთელი ადამიანიასთვისაც შეუძლებელია.
 
ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ წასასვლელი და იძულებულნი არიან, დარჩნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, იტანჯებიან თავისუფლების შეზღუდვისა და პირადი ცხოვრების არარსებობის გამო. მათ არა აქვთ საშუალება, იცხოვრონ საზოგადოებაში. ამავე დროს, ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას, ადგილების არარსებობის გამო ვერ იღებენ ადეკვატურ ფსიქიატრიულ მომსახურეობას.
 
პირადობის მოწმობა
 
ფსიქიატრიული საავადმყოფოების პაციენტებს ხშირად არ გააჩნიათ პირადობის მოწმობები. როგორც აღმოჩნდა, პირადობის მოწმობის აღდგენა ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელია, ვინაიდან ბევრი პაციენტი წლობით იმყოფება საავადმყოფოში და აღარ აქვს კავშირი ახლობლებთან. მათ არ გააჩნიათ დაბადების მოწმობა, არ ახსოვთ თავიანთი მისამართი და არასოდეს ჰქონიათ პირადობის მოწმობა. ასეთი ადამიანები ავტომატურად კარგავენ, პრაქტიკულად, ყველანაირ უფლებას, მათ არ შეუძლიათ მიიღონ ინვალიდობის პენსია, არ შედიან სოციალური დახმარების არც ერთ  პროგრამაში და რჩებიან ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე. სამწუხაროდ, ესეთი შემთხვევები არაა გამონაკლისი.
 
საკუთრების უფლება
 
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნათესავები ხშირად სარგებლობენ თავისი ახლობლების უმწეო მდგომარეობით და ეუფლებიან მათ ქონებას.
 
ნადია და ნანა კ-ბი, დედა და ქალიშვილი, იმყოფებიან ასათიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რადგან მათმა კანონიერმა მეურვეებმა გაყიდეს მათი ბინა, რაზეც მიღებული ჰქონდათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლება. ორივე მეურვე იღებდა თავისი სამეურვეო ნათესავების პენსიებს, მაგრამ მათზე არაფერს ხარჯავდნენ. ნადია და ნანა კ-ბი უნდა განთავისუფლდნენ მეურვეობისაგან, რისთვისაც აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზაზე ქალბატონებმა, იმ შემთხვევაშიც კი თუ პასუხი უარყოფითია, უნდა გადაიხადონ 500 ლარი. გაყიდული ქონების დაბრუნების შესახებ საუბარი საერთოდ არ არის.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გადაიხდის ნანა კ.–ს ექსპერტიზის საფასურს, რის შემდეგაც მოითხოვს სასამართლოში მის მეურვეობისაგან განთავისუფლებას, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ  სამართლიანობა აღდგეს.
 
უფლება მეურვეობაზე
 
ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად საჭიროებენ მეურვეობას, მაგრამ ვერ იღებენ მას.
 
ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონით, საავადმყოფოებმა თვითონ უნდა მიმართონ სასამართლოს თუ მათ ეჭვი გაუჩნდათ პაციენტის არაქმედუნარიანობის შესახებ. თუმცა, საავადმყოფოები არ აკეთებენ ამას, რადგანაც სხვადასხვა უწყებებს შორის არ არსებობს კოორდინაცია.
 
საავადმყოფოების ადმინისტრაცია, ასევე იურისტები ხშირად არ ფლობენ ინფორმაციას ამა თუ იმ  პრობლემების გადაჭრის გზების და შესაბამისი უწყებების შესახებ. მაგალითად, ჩვენთვის არ არის ცნობილი შემთხვევა, რომ საავადმყოფოების დირექტორებს ან იურისტებს მიემართათ  სასამართლოსთვის ადამიანის ქმედუუნარობის აღიარების გამო.
 
საავადმყოფოების ადმინისტრაციის აზრით, ამას  უნდა აკეთებდეს თვითონ პაციენტი ან დაინტერესებული პირი. იმ დროს, როცა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ კანონში მითითებულია, რომ ამ ფუნქციას ასრულებს საავადმყოფო. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც საავადმყოფო არ მიმართავს სასამართლოს არის ის, რომ საავადმყოფოს არ შეუძლია ბაჟისა და სასამართლოს დანახარჯების გადახდა.
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ამჟამად მუშაობს 5 საქმეზე, რომელიც ეხება მეურვეობის დანიშვნას. ყველა ამ შემთხვევაში ბაჟისა და სასამართლოს დანახარჯების გადახდა არ არის საჭირო. ხოლო ექსპერტიზა, თუ იგი დაინიშნა სასამართლოს მიერ, იქნება უფასო. ის, რომ საავადმყოფოს იურისტები არ მიმართავენ სასამართლოს, იწვევს კანონით გათვალისწინებული მეურვეობის სისტემის დარღვევას. იმ ადამიანების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს ჰყავთ მეურვეები, რომლებიც საჭიროებენ მეურვეობას. დანარჩენები რჩებიან მეთვალყურეობის გარეშე, დაუცველები, რაც იწვევს მათი საკუთრების დაკარგვას, ჯანმრთელობის გაუარესებას და აძულებთ მათ, მუდმივად დარჩნენ საავადმყოფოში, რადგან იურიდიულად მათზე არავინ არ აგებს პასუხს.
 
გამოჯანმრთელებისა და სოციუმში დაბრუნების უფლება
 
საქართველოში არასაკმარისია რეაბილიტაციური ღონისძიებები. იმის მიუხედავად, რომ არსებობს რეაბილიტაციის ცენტრები, იქ არის მხოლოდ 120 ადგილი, იმ დროს, როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების რიცხვი  80 000-ს აჭარბებს. ამასთან, საქართველოში არ ფუნქციონირებს დასაქმების ხელშემწყობი სისტემა, რაც საშუალებას მისცემდა ინვალიდებს, დაესწავლათ ახალი და აღედგინათ დაკარგული უნარ–ჩვევები, რაც საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს. ამის გარეშე ინვალიდები რჩებიან საზოგადოებისგან იზოლირებულნი, ხოლო რეაბილიტაციის საბოლოო მიზანი მიუღწეველია.
 
ინფორმაციის მიღების უფლება
 
ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად, ფსიქიკური პრობლემების წამოჭრის თავიდან არიდებისა და მკურნალობის აუცილებლობის გაცნობიერებისათვის, ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს საჭირო ინფორმაცია.
 
სამწუხაროდ, საქართველოში არ ფუნქციონირებს ფსიქიკურ დაავადებათა პრევენციის სისტემა, არ ხდება საზოგადოების ინფორმირება არც ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, არც სკოლებსა და უნივერსიტეტებში სპეციალური კურსებით. ადამიანებმა არ იციან, თუ  რა საშიშროება ელით მათ, როცა იმყოფებიან  მუდმივი სტრესის ქვეშ, არანორმალური სამუშაო გრაფიკის პირობებში. არც ის იციან, თუ როგორ გამოიხატება ფსიქიკური დარღვევების პირველი სიმპტომები. შესაბამისად, ადამიანები, რომელთაც ესაჭიროებათ ფსიქიატრის დახმარება, არ მიმართავენ სპეციალისტებს და არ იღებენ დროულ დახმარებას. ამიტომ ძალიან ხშირად ფსიქიკური დარღვევები პროგრესირებს მკურნალობის გარეშე.
 
ამასთან, ხშირია, როცა ადამიანებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ფსიქიატრიული სერვისით, და ზოგჯერ არც მათ ახლობლებს, არ აძლევენ  სრულყოფილ ინფორმაციას პაციენტის დიაგნოზის, დაავადების სიმპტომების, მკურნალობის შესაძლებლობების, მედიკამენტების გვერდითი ეფექტების შესახებ. როგორც შედეგი – დაავადებული ადამიანი და მისი ახლობელი არ მონაწილეობენ მკურნალობის პროცესში.
 
დაავადება საიდუმლოდ რჩება როგორც საზოგადოებისათვის, ასევე პაციენტებისა და მათ ახლობლებისათვის, და ვინაიდან ყველანაირი საიდუმლო გვაშინებს, ჩნდება სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ პაციენტებს, არამედ მის ოჯახის წევრებსაც.

პროექტის ვრცელი ვერსია იხილეთ PDF ფორმატში.

ოლღა კალინა, პროექტის ხელმძღვანელი
 
 
6 ივლ. '10