საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის

საქართველოს უფლებადამცველი ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი“, „კავშირი კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“, „კავშირი ოცდამეერთე საუკუნე“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთიანდებიან საქართველოს კოალიციაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის.
 
კოალიცია ეფუძნება ამ ჯგუფის წევრების მიერ წინა წლებში გაწეულ სამუშაოს უფლებადაცვით სფეროში და მათ მრავალწლიან ურთიერთთანამშრომლობას.
 
კოალიციის მიზნებია, მოახდინოს იმ დანაშაულების დოკუმენტირება, რომლებიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციაში ხვდება (გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები), კონკრეტულად კი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან მიმართებაში, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების განხორციელებას ამ მიმართულებით ეროვნულ და საერთაშორიო დონეზე, გაუწიოს იურიდიული და სხვა სახის დახმარება ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს, აამაღლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ ცნობადობა საქართველოში, ითანამშრომლოს სასამართლოსთან, გააძლიეროს კვლევები და ანალიზი საერთაშორისო სისხლის სამართლის დარგში.
 
კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ისეთი სერიოზული დანაშაულები, როგორიცაა - გენოციდი, ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, დაუშვებელია,  დარჩეს დაუსჯელი. კოალიციის წევრებისათვის ასევე ცალსახაა, რომ მდგრადი მშვიდობისა და შერიგების მიღწევა შეუძლებელი იქნება მართლმსაჯულების განხორციელების გარეშე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კი ყველაზე ეფექტიან საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და დანაშაულის მსხვერპლთა უფლებების აღსადგენად.
 
კოალიციის საერთაშორისო პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია `კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის~.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ანა ნაცვლიშვილს (ადამიანის უფლებათა ცენტრი) ნომერზე: 384 648
 
 
მოკლედ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის პირველი დამოუკიდებელი,  მუდმივმოქმედი საერთაშორისო ორგანო, რომელიც იძიებს გენოციდის, ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებს და ასამართლებს  კონკრეტულ ინდივიდებს ამ დანაშაულებისათვის. 
სასამართლო ამოქმედდა 2002 წელს, საერთაშორისო ხელშეკრულების - რომის სტატუტის საფუძველზე, რომლის წევრიცაა 100-ზე მეტი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც, რომელმაც სტატუტის რატიფიცირება 2003 წელს მოახდინა.
 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საშუალებას აძლევს როგორც მსხვერპლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს (უფლებადამცველებს, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს) მონაწილეობა მიიღონ პროცესში, რომლის მიზანია სიმართლის დადგენა, დამნაშავეთა გამოვლენა, მათი გასამართლება და მსხერპლთა კომპენსაცია-რეაბილიტაცია.
 
ამჟამად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განიხილავს ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს ხუთ ქვეყანაში:  კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანსა (დარფური) და კენიაში.
 
სასამართლოს პროკურორის ოფისი რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებს წინასწარ ანალიზს ისეთ ფაქტებზე, რომლებზეც შესაძლოა, დაიწყოს გამოძიება. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, კოლუმბია, პალესტინა, კოტ დივუარი, გვინეა და საქართველო (რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით).
 
5 მაისი, 2010 წელი
  

7 მაი. '10