უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის განცხადება გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

3 მაისს - გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრი  ორგანიზაციები - ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი  და მრავალეროვანი საქართველო - გამოხატავენ შეშფოთებას, რომ საქართველოში ჟურნალისტები მიეკუთვნებიან უფლებადამცველთა კატეგორიას, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად ხდება ზეწოლისა და დაშინების სამიზნე ხელისუფლების მხრიდან.
 
სიკვდილით დამუქრება, ოჯახის წევრთა მიმართ მუქარა და დაშინება,  ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ხელისუფლების წარმომადგენლების პირადი მონაწილეობით, ზეწოლა და იძულება ჟურნალისტებზე, რათა გაავრცელონ, ან თავი შეიკავონ კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებისაგან, კრიტიკული გაზეთების გავრცელებისათვის ხელოვნურად ხელის შეშლა, თვითნებური საგადასახადო შემოწმებები და ჯარიმის დაკისრების ფაქტები და ამ ყველაფრის დაუსჯელად დატოვება გამოიყენება კრიტიკულად განწყობილი მედიის გასაჩუმებლად საქართველოში.

სისტემატიური ხასიათი მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმამ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მიღებული უარის სასამართლოში გასაჩივრება, სასამართლო ბაჟი, რომელიც ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა უნდა გადაიხადოს, მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებზე სახელმწიფო დაწესებულებებიდან იმდენად ბევრი უარი ან არაადეკვატური პასუხია, რომ ყველა მათგანზე სასამართლო პროცესის წარმოება ადამიანურ რესურსებს აღემატება. სასამართლოში ყველა დაუკმაყოფილებელ განცხადებაზე პროცესის წარმოება ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა სხვა აღარაფერი აღარ უნდა აკეთოს და თავის საქმიანობას მოწყდეს.

მედიის წინააღმდეგ ასევე გამოიყენება ზეწოლის შედარებით „მსუბუქი“ ფორმები, როგორიცაა, მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეკლამის ბაზრის კონტროლი. ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ თუ ფარულად ერევიან შემკვეთების გადაწყვეტილებებში და მათგან მოითხოვენ, იმ მედიასაშუალებაში განათავსონ რეკლამა, რომლის შინაარსიც პოლიტიკურად მისაღებია ხელისუფლებისათვის; ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად ამბობენ უარს კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობაზე, სახელისუფლებო კურსის მხარდამჭერი მედიისაგან განსხვავებით.

განსაკუთრებული წნეხის ქვეშ იმყოფებიან საგამოძიებო ჟურნალისტები.

ჟურნალისტებზე ბოლო ხანებში განხორციელებული ზეწოლების ნათელი მაგალითებია გამომძიებელ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძისადმი სასიკვდილო მუქარის განხორციელება (2010), მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ მუშაობდა აგვისტოს ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე;  საბა წიწიკაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი და ხელის შეშლა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში შიდა ქართლის ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომლების მხრიდან (2010), როცა ჟურნალისტი საჯარო ინფორმაციის მიღებას ცდილობდა;  გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტეებზე – თედო ჯორბენაძესა და ნათია როყვაზე განხორციელებული ზეწოლები ძალოვანი სტრუქტურების მიერ (2009);  2009 წლის საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე ზეწოლა როგორც ხელისუფლების, ასევე დემონსტანტების მხრიდან და მათი ფიზიკური უსაფრთხოების ხელყოფის ფაქტები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ.

ზემოაღნიშნული ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას:

•    უზრუნველყონ ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემო საქართველოში,
•    უზრუნველყონ საჯარო ინფორმაციის მისაწვდომობა ჟურნალისტებისათვის,
•    აღკვეთონ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის ფაქტები,
•    ეფექტურად გამოიძიონ მსგავსი ინცინდენტები და უზრუნველყონ დამნაშავეთა გასამართლება.
სრულად იხილეთ PDF-ში

5 მაი. '10